Home რუბრიკები თავის მოვლა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები/ინფექციები (სგგდ, სგგი) ის ინფექციური დაავადებებია, რომლებიც უხშირესად სქესობრივი გზით გადაეცემიან. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები იყოფა ჯგუფებად:

  1. კლასიკური ვენერიული დაავადებები (სიფილისი (იგივე ათაშანგი, ანუ ლუესი), გონორეა (იგივე ტრიპერი), რბილი შანკრი);
  2. ახალი ვენერიული დაავადებები (ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, გენიტალური ჰერპესი, მახვილწვერიანი კონდილომები);
  3. სხვა დაავადებები, რომელთა გადაცემის ერთ-ერთ გზას წარმოადგენს სქესობრივი (მუნი, გენიტალური კონტაგიოზური მოლუსკი, აივ, ბოქვენის ტილი (ტკიპა), B ჰეპატიტი, ციტომეგალოვირუსი, ლამბლიოზი, ამებიაზი);
  4. პირობით პათოგენური მიკროორგანიზმები, რომლებიც შეიძლება სქესობრივი გზით გავრცელდეს (ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა, გარდნელა, კანდიდა).

აღნიშნული დაავადებების გავრცელებისათვის აუცილებელია კანისა და ლორწოვანი ზედაპირების მჭიდრო კონტაქტი. ისინი ვრცელდება როგორც კლასიკური, ასევე ორალური ანალური სქესობრივი აქტის დროს, ზოგჯერ კი უბრალო შეხებითაც. ზოგი მათგანი შესაძლოა საყოფაცხოვრებო კონტაქტითაც გავრცელდეს, მაგალითად: სიფილისი, მუნი, ფტირიაზი (ბოქვენის ტილი). ხოლო აივ და B ჰეპატიტი ვრცელდება სისხლითაც.

სგგდ-ების დიაგნოსტიკა და მკურნალობა თითოეული ინფექციისათვის ინდივიდუალურია, ამიტომ ქვემოთ განვიხილავ რამდენიმე მეტად გავრცელებულ დაავადებას.

გონორეა (ტრიპერი)

გამომწვევია გონოკოკი, რომელსაც შარდსადენის, საშოს, სწორი ნაწლავის და იშვიათ შემთხვევებში თვალებისა და ყელის ლორწოვანის დაზიანება შეუძლია. დაავადების წყარო ავადმყოფი ადამიანია, გადაცემის გზა სქესობრივი, თუმცა თეორიულად შესაძლებელია საყოფაცხოვრებო კონტაქტით დასნებოვნებას. ინფიცირდებიან ახალშობილებიც, რომელთა დედას აქვს გონორეა, სწორედ ამ შემთხვევაში ზიანდება ხოლმე თვალის ლორწოვანი.

გონორეა შეიძლება მიმდინარეობდეს მწვავედ, ან ქრონიკულად. ქრონიკული პროცესი შეიძლება მწვავეს მოსდევდეს ან დამოუკიდებლად განვითარდეს. მწვავე მიმდინარეობა მამაკაცებში უფროა დამახასიათებელი, ქრონიკული_ქალებში, ასეთი ფორმა მინიმალური გამოვლინებებით მიმდინარეობს, შეიძლება საერთოდაც შეუმჩნევლად.

გონორეა მამაკაცებში:

  • ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი შარდსადენიდან;
  • დისკომფორტი, წვა და ტკივილი როგორც შარდვისას, ასევე მოსვენებულ მდგომარეობაში;
  • გახშირებული შარდვა მცირე ულუფებით
  • სასქესო ასოზე ეროზიები.

გონორეა ქალებში:

  • ჩირქოვანი გამონადენი საშოდან;
  • შიგნითა და გარეთა სასქესო ორგანოების ტკივილი და ქავილი;
  • საშვილოსნოსა და საშვილოსნოს მილების დაზიანებისას ვლინდება საერთო ინტოქსიკაციის ნიშნები (სისუსტე, მაღალი ტემპერატურა და ა.შ.)

გონორეა რთულდება შარდ-სასქესო სისტემის ორგანოების ანთებითი დაავადებებით, ქალებში უშვილობით.

დიაგნოზის დასმა ჩივილებისა და ლაბორატორიული კვლევების მიხედვით ხდება.

მკურნალობა_ანტიბიოტიკოთერაპიით.

სიფილისი (ლუესი, ათაშანგი)

სიფილისის გამომწვევია მკრთალი ტრეპონემა.

მკრთალი ტრეპონემა

გადაცემის გზები სქესობრივის გარდა შეიძლება იყოს: ტრანსპლაცენტური (ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე), სისხლით, საყოფაცხოვრებო კონტაქტი და ძუძუთი კვება. დასაავადებლად საკმარისია მინიმუმ 2 მკრთალი ტრეპონემის მოხვედრა კანის ან ლორწოვანის მიკრონახეთქიდან. რამდენიმე დღეში,  შეჭრის ადგილზე, ჩნდება მაგარი შანკრი _უმტკივნეულო წყლული. მაგარი შანკრი თავისით ქრება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ უმკურნალებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ავადმყოფი განიკურნა. ამ პერიოდს პირველადი სიფილისი ჰქვია.

რამდენიმე დღეში ან კვირაში დიდდება ლიმფური კვანძები, ადგილობრივი გამოვლინებები გამქრალია, გამომწვევი სისხხლის ნაკადით ვრცელდება ორგანიზმში და სხვადასხვა ქსოვილებს აზიანებს, ჩნდება ანთებითი კერები, გამონაყარი. ამას მეორეული სიფილისი ჰქვია.

მეორეული პერიოდის შემდეგ ფარული სიფილისის ხანა დგება, შემდეგ მეორეული რეციდიული სიფილისი, რომელიც მოგვიანებით ფარულში ან მესამეულ სიფილისში გადადის_ზიანდება შინაგანი ორგანოები, ვითარდება ქსოვილების სპეციფიური ანთებები, შემდეგ ეს უბნები იშლება, ჩნდება გუმები.

სიფილისის ადრეული გართულებები:

  • პენისის განგრენა;
  • ადრეული ნეიროსიფილისი;
  • შინაგანი ორგანოების სიფილისური დაზიანება;
  • ფიმოზი, პარაფიმოზი, ორქიტი, ეპიდიდიმიტი_მამაკაცის შარდ-სასქესო სისტემის ორგანოთა სიფილისური ანთება.

სიფილისის მოგვიანებითი გართულებები:

  • აორტის ანევრიზმა;
  • პნევმოსკლეროზი_ფილტვის ქსოვილის სკლეროზული დაზიანება;
  • ბრონქოექტაზები;
  • ძვლებისა და სახსრების სიფილისური დაზიანება;
  • გვიანი ნეიროსიფილისი.

დიაგნოზის დასმა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე ხდება, შემდეგ კი იწყება მკურნალობა გამომწვევის წინააღმდეგ ბრძოლით, პენიცილინოთერაპიით. პარალელურად შეიძლება სიმპტომური მკურნალობის ჩატარებაც.

გენიტალური ჰერპესი

გენიტალური ჰერპესის გამომწვევია მარტივი ჰერპეს ვირუსის I და II ტიპები. სწორედ ეს ტიპები იწვევენ ტუჩების ჰერპესსაც. ჰერპეს ვირუსის განვითარების რისკ ფაქტორია იმუნური სისტემის დასუსტება, რაც გადაციებით, გადაღლით, ჰიპოვიტამინოზით, პირველადი იმუნოდეფიციტით ან შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომით შეიძლება იყოს განპირობებული.

ჰერპესით ინფიცირება შეიძლება იყოს პირველადი, ან მეორადი. თუკი ადამიანის ორგანიზმი მანამდე არ შეხვედრია ამ ვირუსს და მტარებელი არ არის, მასთან სიმპტომები მეტად მწვავედ ვლინდება, ძლიერი საერთო სისუსტითა და ცხელებით. ძველი პროცესის გამწვავებისას კი მხოლოდ ადგილობრივი ნიშნები ვლინდება. კანზე და ლორწოვან გარსებზე ჩნდება წვრილი ბუშტუკოვანი გამონაყარი, ბუშტუკები პროცესის პროგრესირებასთან ერთად ჯერ ერთდებიან, შემდეგ კი სკდებიან და მათ ადგილას ზედაპირული წყლულები ჩნდება. [ფოტო]

გენიტალური ჰერპესისას ავადმყოფს გენიტალიების ტკივილი და ქავილი აწუხებს.

როგორც წესი ჰერპესის გამოვლინებები თავისით ქრება, თუკი მძიმე იმუნოდეფიციტთან არ გვაქვს საქმე.

დიაგნოზის დასმა ექიმისათვის გამონაყარის დანახვისთანავე ადვილია. მკურნალობა აციკლოვირით და მისი რიგის პრეპარატებით ხდება, იმირს გამო, რომ ჰერპესი იმუნოდეფიციტის მდგომარეობაში იჩენს თავს, სასურველია ზოგად-გამაჯანსაღებელი თერაპიაც.

ქლამიდიოზი

ქლამიდიოზის გამომწვევი ბაქტერია ქლამიდიაა, რომელიც ძირითადად სქესობრივი გზით ხვდება ორგანიზმში, დაავადების სიმპტომები ორგანიზმში მიკრობის   მოხვედრიდან 2-4 კვირაში ვლინდება.

ქალებში ქლამიდიაზი უსიამოვნო სუნის მქონე ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენით ხასიათდება. ასევე შესაძლო სიმპტომებია ტკივილი, ქავილი და დისკომფორტი გარეთა და შიგნითა სასქესო ორგანოების მიდამოში.

მამაკაცებში ქლამიდიოზი საშარდე გზების მსუბუქი ანთების სახით ვლინდება, რომელიც დროში გახანგრძლივებულია და იშვიათად ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი და დისკომფორტიც შეიძლება ახლდეს თან.

ქლამიდიოზის გართულებები:

  • რეიტერის დაავადება_ქლამიდიამ სასქესო ორგანოებთან ერთად შეიძლება კონიუნქტივა და სახსრებიც დააზიანოს. შესაბამისად იქნება ტრიადა: ურეთრიტი (შარდსადენის ანთება), კონიუნქტივიტი და ართრიტი.
  • შარდსადენის სტრიქტურა_შევიწროება, რომელიც შარდსადენში ანთებადი უბნების არსებობითაა გამოწვეული;
  • ქრონიკული პროსტატიტი;
  • მცირე მენჯის ორგანოთა ანთებები;
  • ქალთა და მამაკაცთა უშვილობა.

ქლამიდიოზის დიაგნოსტიკა ლაბორატორიულად, ძალიან თანამედროვე მეთოდებით ხდება.

ვინაიდან ქლამიდია ბაქტერიაა, მისი მკურნალობის მეთოდი ანტიბიოტიკოთერაპიაა.

ტრიქომონიაზი

ტრიქომონიაზი პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც ერთუჯრედიანი პარაზიტი, ვაგინალური ტრიქომონა (Trichomonas Vaginalis) იწვევს.

ვაგინალური ტრიქომონა

უხშირესად აზიანებს საშოს და შარდსადენს, იშვიათად შარდის ბუშტს და საშვილოსნოს. ვლინდება ვაგინიტის სახით, რომელსაც ურეთრიტიც შეიძლდება ახლდეს. ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მწვავე მიმდინარეობისას აღინიშნება უხვი მომწვანო-მოყვითალო გამონადენი, რომელიც ქაფდება, აირწარმომქმნელი ბაქტერიების თანდართვის გამო. გამონადენმა შეიძლება გამოიწვიოს ირგვლივ კანის გაღიზიანება, რომელიც ქავილით და წვის შეგრძნებით გამოვლიდება.

მამაკაცებში 40%-ში იწვევს პროსტატიტს, ურეთრიტს იწვევს მცირე ხნით, ვინაიდან შარდსადენი არასასურველი გარემოა ტრიქომონასათვის. ინკუბაციური პერიოდი (დრო ინფიცირებიდან დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე) 3 დღიდან 4კვირამდე და მეტია, ძირითადად 10-14 დღე. დაავადება იწყება ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენით, მცირედი ქავილით, ზოგჯერ მიდის უსიმპტომოდაც.

დიაგნოსტიკა გართულებულია იმის გამო, რომ სიმპტომები სუსტად ვლინდება, ზოგჯერ სრულიად უსიმპტომოდაც მიმდინარეობს. უფრო ადვილია მისი დადგენა ქალებში.

მკურნალობა კომპლექსურია, წამყვანი საშუალება ანტიპარაზიტული მედიკამენტებია(მეტრონიდაზოლი, ორნიდაზოლი). მკურნალობა უნდა ჩაიტაროს ორივე სქესობრივმა პარტნიორმა.

მახვილწვერიანი კონდილომები

მახვილწვერიანი კონდილომები კანისა და ლორწოვანის სიმსივნის მაგვარი წარმონაქმნებია, რომელიც ადამიანის პაპილომა ვირუსითაა (HPV-Human papilloma virus) გამოწვეული. მის განვითარებას ხელს სუსტი იმუნიტეტი, ადგილობრივად კანისა და ლორწოვანი გარსის დაზიანება, მაცერაცია, ტრავმირებაა, რისი მიზეზიც მექანიკური დაზიანება, ასევე სასქესო ორგანოებიდან გამონადენით კანის გაღიზიანება შეიძლება იყოს.

ადამიანის პაპილომა ვირუსი / Human Papilloma Virus

მახვილწვერიანი კონდილომები ვლინდება მეჭეჭისებრი გამონაყრის სახით, რომელიც თვიდან ერთეულია, შემდეგ მრავლდება და კონდილომები ერთდებიან, საბოლოოდ გენიტალიები შეიძლება ყვავილოვან კომბოსტოსებრი წარმონაქმნით მთლიანად დაიფაროს.

დაავადების გამოსავალი:

  • თვითგანკურნება;
  • კანისა და ლორწოვანის კიბოსწინარე დაავადებების განვითარება;
  • გაავთვისებიანება_კარცინომის განვითარება.

დიაგნოზის დასმა ადვილია შეხედვითაც, დასადასტურებლად კი ხდება პაპილომა ვირუსის აღმოჩენა. ვირუსისაგან განსაკურნებელი საშუალება არ არსებობს. კონდილომების მოშორება ხდება ისევე, როგორც სხვა მეჭეჭების: კრიოდესტრუქცია, ელექტრორეზექცია, ქიმიური მეთოდი, ლაზერული რეზექცია.

 

გაითვალისწინეთ! სგგდს თვითმკურნალობას არასდროს მოაქვს კარგი შედეგი!

მათგან თავის დაზღვევა კი ხდება ასე. საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე მიმართეთ ექიმს.

FavoriteLoadingდაამატე რჩეულებში
10 კომენტარი to this post
  1. erti kitxva maq da tus heileba davsvaa… amas cinat davakvirdii daes ereti cai mechehcivit maq gamosuli sasqeso organozee.. erti caia daver vxdebi es ari tu araa.. dzaan sashiashia tu ra arii??

    • თუ მამაკაცი ხართ, უროლოგს აჩვენეთ, თუ ქალბატონი – გინეკოლოგს. ზეპირად და დისტანციურად ვერ გეტყვით, კონკრეტულად თქვენი მეჭეჭი თუა საშიში. თავის დაზღვევის მიზნით, გირჩევთ რომ გაესინჯოთ ექიმს.

    • ინფიცირებიდან რამდენიმე დღეში ვლინდება და მკურნალობას ნიშნავს უროლოგი ან გინეკოლოგი შესაბამისად.

შენ რას იტყვი?

PINK CLUB NEWS

ბოლო სტატიები

0 250

ყოველთვის, როცა ჩემს მაკიაჟის და კოსმეტიკის კარადას ვალაგებ, ხელში იმდენი წვრილი ნივთი მხვდება, რომ ნერვები მეშლება. არ ვიცი სად...